Wednesday, April 18, 2012

 
      ამ გაკვეთილის ჩატარების  აუცილებლობა დამანახა ერთმა მნიშვნელოვანმა  ფაქტმა:
      როცა   IX  კლასში  დავამთავრე თემა–აჩქარებული მოძრაობა და ჩავატარე შემაჯამებელი წერა, აღმოჩნდა, რომ კლასში  დიდ უმრავლესობას ჰქონდა ერთიდაიგივე პრობლემა.  უმრავლესობამ შეცდომები დაუშვა წერის სწორედ იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა მოძრაობის გრაფიკებს. 

     ამის შემდეგ საჭიროდ ჩავთვალე, რომ კიდევ ერთი საგაკვეთილო დრო დამეთმო ამ საკითხისათვის. გამოველაპარაკე  კლასის მათემატიკის მასწავლებელს, რომელმაც გამარკვია, რომ მოსწავლეებს წრფივი ფუნქციის გრაფიკების თემა გასულ წელს, ანუ მერვე კლასში ჰქონდათ ნასწავლი.

   მაია მამულაშვილს შევთავაზე, რომ ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაგვეტარებინა და დამხმარებოდა პრობლემის მოგვარებაში. ის დამთანხმდა. ძალიან სწრაფად გავაკეთეთ ყველაფრის ორგანიზება: მან შეადგინა წრფივი ფუნქციის გრაფიკების პლაკატი სხვადასხვა შემთხვევისათვის, მე გავაკეთე მსგავსი გრაფიკები თანაბარაჩქარებული მოძრაობისათვის  საოფისე პროგრამაში ,,Power Point", რომელსაც პროექტორით გავუშვებდით ეკრანზე, შევადგინეთ ერთობლივი ტესტური დავალებები  ორივე საგნის მიხედვით, მოსწავლეები ვამუშავეთ ჯგუფებშიც და ინდივიდუალურადაც ჩავრთეთ კითხვა–პასუხში გრაფიკების ანალიზის დროს. გამოვიყენეთ ვირტუალური ლაბორატორიის სიმულაციები ფიზიკასა და მათემატიკაში. ბოლოს შევაჯამეთ გაკვეთილი და მოსწავლეებიც შევაფასეთ.

      გაკვეთილი ჩატარდა 15 ნოემბერს, ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი, მისი მოადგილე სასწავლო დარგში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და მათემატიკის მასწავლებლები. 

       ინტეგრირებულმა გაკვეთილმა შედეგი გამოიღო. ჩვენი აზრით ბავშვებს ეს თემა არასოდეს  დაავიწყდებათ.

    ერთად მუშაობა რა თქმა უნდა ჩვენთვის, მასწავლებლებისთვისაც სასარგებლო აღმოჩნდა.  ერთობლივი მუშაობის დროს კიდევ უფრო მეტი გავიგეთ ერთმანეთის შესაძლებლობებზე, მეტი კავშირი აღმოვაჩინეთ იმ მეცნიერებებს შორის, რომლებსაც ვასწავლით და  ორივეს თვალით შევხედეთ მოსწავლეთა აკადემიურ დონეს.  
                                                                                                            მაია    თათეშვილი


                                                                                         

No comments:

Post a Comment